ჰოი ზეციურო არსებანო, ვაგონში ზანგი შემოვიდა!
ვაგონში არსებული რამდენიმე თავი და იმდენივე ორჯერ თვალი მისკენ მიტრიალდა.
უცხო ხილის თვალიერებით გაერთნენ, მე მათი თვალიერებით.
წინ მჯდომ ბაბუს ლოგიკურია, ახალგაზრდობა უნდა გახსენებოდა. ომგამოვლილი მამა აჩვენებდა ზანგ მეგობართან ერთად გადაღებულ შინაარსობრივადაც შავ-თეთრ ფოტოს, და რამე კაცურ ამბავს მოუყვებოდა მეშვიდე კლასამდე ასი სხვადსხვა ინტერპრეტაციით. მერე ალბათ შვილსაც მობეზრდებოდა მოსმენა და ეზოში გაიქცეოდა ბურთის სათამაშოდ. ახლა ბაბუს თვალებში ბურთისადმი ზიზღი გამოსჭვივის, მამა ხომ ძალიან უყვარდა.
პლუს ერთი ზანგს.
აი ბებო სხვანაირად ფიქრობს, სახეზე აწერია. ზანგის ვაგონში მოვლინება ამ პარასკევ დღეს ღვთის წყევლა ჰგონია. სამშობლო ისედაც განსაცდელშია.. თან პატრიარქსაც ხომ ახლახანს უთქვამს უცხოეთში არავინ გაუშვათ, იქ გარყვნილება და ზანგები არიანო. უცხოეთში დიდი ქალაქებიც ყოფილა და არც ნათესაობა იციან რა არის. იქ ნახევრადჩაცმული გოგოები პირდაპირ ქუჩაში კოცნიან ბარში გაცნობილ ზანგ ბიჭებს. თანაც ღამის სამ საათზე. ბებოს ამდენი მტანჯველი ფიქრის ატანა აღარ შეუძლია. პირჯვრის გადაწერა უნდა, მაგრამ სამარხვო ხორცით სავსე პარკი ხელს უშლის და მხოლოდ “ფუი ეშმაკს”-ით კმაყოფილდება. ცოდვაში უკვე ჩადგმული ფეხის უფრო არჩასაფლობად ზანგს თვალს აშორებს და უკმეხი მზერით მე მიყურებს.
მინუს ერთი ზანგსაც და მეც.
ვწყვეტ დაკვირვებას ბებოზე და ზანგს მიჩერებული ახალგაზრდობის სამბიჭიან ჯგროზე გადავდივარ. ყმაწვილები საკმაოდ გამომწვევად ექცევიან ცოცხალ ზანგს. თითით ანიშნებენ ერთმანეთს, ალბათ რამე უწმაწურსაც ამბობენ და ზომაზე მეტად ხარხარებენ. მერე ზანგიც იღიმება. ბიჭებს მისი თეთრი კბილების რცხვენიათ, იქოჩრებიან და წუთით ჩუმდებიან. ერთერთ მათგანს გამბედაობა ჰყოფნის, მიდის და საათს ეკითხება ალბათ. ზანგი ისევ იღიმება და პასუხობს. ეტყობა ამ ხუთწამიან შუალედში რამე ძალიან სასაცილოც გამოვტოვე რადგან ბიჭები ისევ ხარხარებენ.
პლუს ერთი ზანგს და მინუს სამი ბიჭებს.
ჰმ. გოგონა. აქამდე როგორ ვერ დავინახე. ასეთი გოგონები ყოველთვის კუთხეში სხედან. ორნი არიან, ერთნაირი დაქალები. მაგრამ დაიმახსოვრეთ, ორ ერთნაირ დაქალს შორის, ერთს ყოველთვის უფრო ბანძი ვიდი აქვს. ერთი მათგანი ბიჭებითაა მოხიბლული, განსაკუთრებით ზანგთან 5 წამიან კონტაქტში ნამყოფი ბიჭით და თვალებს უჟუჟუნებს. რომელიც ამას გრძნობს და კიდევ უფრო მამლაყინწობს. მეღიმება. მეორე გოგონა ჩუმად ზის და შეპარვით უყურებს ზანგს. ეტყობა ეს უფრო წესიერ ოჯახში გაიზარდა. სადაც მთელი ბავშვობა ასწავლიდნენ სომეხზე და მეგრელზე არ გათხოვდეო. ზანგზე არაო, არ უთქვამთ. გათხოვებაზე გოგონას ზანგის პენისის ზომებზე მოარული ლეგენდა ახსენდება და წითლდება. თავს ხრის. დღეს ხომ პარასკევია.
პლუს-მინუს უსასრულობა.
კიდევ ბევრი ხალხია ამ ვაგონში. ვიღაც ბავშვი დედას სთხოვს აუხსნას რატომ არის ეს კაცი ამ ფერის. დედა კი უბღვერს კითხვის ხმამაღლა დასმის გამო და მამასთან ამისამართებს. მამას არ სცალია, იქვე ზანგების თემატიკაზე ახლადდამეგობრებულ, გადამდგარ პროფესორს ელაპარაკება. პროფესორი ინტელექტუალი ყლეა, და იმის დასადასტურებლად რომ ზანგსაც აქვს არსებობის უფლება, რიგით, საზოგადო მამას ევოლუციის თეორიაზე ელაპარაკება აფრიკის ცხელი ჰავის გავლით.
ე უდრის ემცე კვადრატს.
მე?
მე რა, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ. ლინკინ პარკის განწყობაზე ლიმ ბიზკიტს ვუსმენ, თან ვიღაც უცნობ ნომერს ვარწმუნებ რომ მეხსიერების დაკარგვამდეც არ ყოფილა ჩემი მეგობარი, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ არ ვარ თეონა, ვისი ნომერიც თითქოსდა ტელეფონში ეწერა. კომიდან გამოსულმა კი გადაწყვიტა მეგობრები არ დაეკარგა. წინასწარ ვტკბები სახლამდე მისასვლელი ნახევარ კილომეტრიანი ბორდიურის უწყვეტი ხაზის და გზაზე არეკლილი საკუთარი, ახლობელი ჩრდილის წარმოდგენაზე.
ვაგონში კი ჩინელი შემოვიდა.
აი, იწყება..
ძალიან მომეწონა შენი პოსტი. მეც ვაკვირდები ხოლმე ხალხის რეაქციებს, მაგრამ ასე დაწვრილებით არასოდეს დავკვირვებივარ. გამეცინა კიდეც ბოლოში 🙂
მადლობა :)))))