Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ივლისი, 2013

ამბავი პირველი:

თითქოს ბურანიდან ფხიზლდები, ხვდები, თურმე რისთვის არსებობს მუსიკა. ხვდები, თურმე რაში გჭირდება ცეკვა – გათავისუფლებს სტრესებისგან. ხვდები რა პატარა პრობლემებით იწუხებდი თავს აქამდე. ხვდები ბევრ რამეს, რომ ირგვლივ ყველა კარგადაა, ყველა იღიმება, ყველა ბედნიერია, არავინ ჩხუბობს, არავინ დასცინის სხვებს, არავინ წუხს “რა ბანძი ზვუკი დგას”.. შეგიძლია სცენის წინ იცეკვო გაუჩერებლად, შეგიძლია კუთხეში ღობესთან იდგე, შეგიძლია შუაგულ დენსფლორზე პუფი მოათრიო, ჩაჯდე და ირგვლივ მოქანავე ტრაკებს უყურო, შეგიძლია ტუალეტის რიგში იდგე სამი საათი, შეგიძლია გაიხადო თუ გცხელა, ჩაიცვა თუ გცივა, შეგიძლია ილაპარაკო, ან არავისთან იკონტაქტო, შეგიძლია უსაზღვროდ ბევრს იღიმებოდე და ამის გამო სულელად და გიჟად არავინ ჩაგთვლის, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ ყველა იღიმება, ყველას ერთი მიზანი გაქვთ: უსმინოთ მუსიკას, რომელსაც იმ წუთში ღმერთად ცნობილი დიჯეი მხოლოდ თქვენთვის უკრავს.

music

დილით ყველანი ერთად, ან ცალ-ცალკე და მერე ერთად, ან პირიქით, მზის ამოსვლას ეგებებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეგებებით ისე, თითქოს თქვენს ცხოვრებაში პირველად გათენდა. ზოგი უკვე დაღლილი ზის, ზოგი წევს, ზოგს სძინავს, ზოგი იცინის, ზოგი თვლემს, ზოგს სცივა და ტანსაცმელს ეძებს, ზოგი ცხელ ყავას ნატრობს, ზოგის სახელი არც იცი. მეტიც, შეიძლება არავის სახელი არ იცოდე. და მერე რა? სახელები ძალიან უმნიშვნელოა. თქვენ ყველანი ის თოჯინები ხართ, წუხელ ღმერთად ცნობილმა დიჯეიმ ბგერებზე რომ გამოგაბათ და მთელი ღამე გაცეკვათ. დილა მშვიდობისა.

ამბავი მეორე:

სცენაზე მოხუცები დგანან, დიახ, მოხუცები. როკენროლია, ხალხი ხტუნავს, თავს იქნევს. ზოგი მთელი ხმით ღრიალებს, ზოგი მღერის, ზოგი კისერზე აზის ზოგს. ყველა ბედნიერია, ზოგი შეიძლება ბედნიერებისგან ტირის კიდეც, ვინ პირველ რიგში დგას, ვის ბოლოში დგომა უფრო უსწორდება. ზოგი ფოტოებს იღებს, ვიღაცები ვიდეოს. შენ არ გიყვარს როკენროლი, და მითუმეტეს ღმერთებად ცნობილი მოხუცები, სცენაზე რომ დგანან. მერე რა? შენც ერთობი, მართლა ერთობი – მოგწონს ხალხი რომ ბედნიერია. შეგიძლია მთელი ეს დრო მათი ბედნიერებით და სიცილით და ღიმილით დატკბე, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად არ გიყვარს ის მუსიკა, რაც სცენიდან ისმის. სამაგიეროდ გიყვარს და გიხარია ბედნიერება. დიდი და პატარა, ყველა ერთნაირად და სხვადასხვანაირად ერთობა, მიზანი ყველას ერთნაირი აქვს – იყვნენ ბედნიერები, გაიცინონ, იმღერონ, გაერთონ, იყვირონ, იკივლონ, ან თუნდაც ჩუმად იდგნენ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუზიარონ ფიქრები იმის შესახებ, რა კარგად არიან ახლა. გიხარია და უსაზღვროდ ბევრს იღიმები.

ამბავი მესამე:

ტყეში ხარ, შენ და კიდევ დაახლოებით 200-მდე ადამიანი. ერთმანეთისთვის საერთოდ უცნობი არსებები ერთნაირი სინქრონით ირხევით იმ მუსიკაზე, რომელსაც თვალებდახუჭულიც ხედავ. შეგიძლია ხელიც ჩაკიდო და ირბინო მინდორში, ან არც კი გაინძრე ადგილიდან, შეგიძლია თვალი გაახილო, შენს გვერდით მდგარ უცნობ მოცეკვავეს სანთებელა მიაწოდო, პასუხად ღიმილების კალათა მიიღო და ისევ განაგრძო საკუთარი სხეულის დაცლა იმ ყველაფრისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გგონია ხოლმე, აქ კი სასაცილოდ პატარავდება და ჭიანჭველისხელა ხდება. ვიღაც გეჯახება, მერე რა? თქვენ ორივეს გიყვართ ერთმანეთი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი. იღიმებით და აგრძელებთ სიამოვნების მიღებას მუსიკისგან და ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან. თვალებს ახელ და უსაზღვროდ ბედნიერი ხარ იმის გაცნობიერებით, რომ ეს გოგო-ბიჭები, ერთმანეთისთვის სრულიად უცნობები ან დიდი ხნის მეგობრები, ქალაქიდან შორს, ტყეში მხოლოდ ამ ყველაფრისთვის შეიკრიბნენ. ერთი უსაფრთხო და კეთილშობილი მიზნისთვის – იცეკვონ და მუსიკას მოუსმინონ. ბედნიერი ხარ, შენც, და სხვებიც.

აი, ამიტომ ეშინიათ შენი.

Read Full Post »