Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ოქტომბერი, 2013

20 წლის წინ, აი თუ გახსოვს ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა, ოჯახში მოგვივიდა დიდი კონფლიქტი, ფართს ვერ ვიყოფდით. ცალკე ჩემი ძმები, ცალკე ჩემი და, ცალკე დეიდაშვილები, ვიღაც ნათესავი, მოკლედ ეს ჩვენი 6ოთახიანი ბინა ყველას მოუნდა და ატყდა ერთი ამბავი. ჰოდა ჩემი კარის მეზობელი რომ არის თუ გახსოვს, ჩაქცეული ფულში, დრო იხელთა ამ ჩვენი არეულობით და ჩვენი ორი ოთახი მიისაკუთრა.

ძაან ვიჩხუბეთ მაშინ, რა არ ჩავრიეთ, მაგრამ სამართალი ვერ ვიპოვეთ. მამაჩემი მაგაზე ნერვიულობას გადაყვა და ეს ჯანმრთელი კაცი ხელიდან გამოგვეცალა. მოკლედ იმან გამოაცხადა ჩემიაო ეს ფართიო, რაღაც გაყალბებული ნახაზებიც გააკეთებინა და ვსო. მოგეხსენება თან მაშინ რა დრო იყო, თან მამაჩემის ამბავიც დაემატა სანერვიულოდ, და მოკლედ იმის თავი აღარ გვქონდა. მას მერე აღარ ველაპარაკებით ერთმანეთს. უფრო სწორად ჩვენ არ ველაპარაკებით, მაგრამ ბებიაჩემს აქვს დაჩემებული ანდაზა რომ არის “მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო”, და აი სადმე თუ მოვხვდით, ვინმე მეზობლის დაკრძალვაზე ან სადმე ნათლობაში, თბილად მოიკითხავს ხოლმე. მისვლა-მოსვლა არ აქვთ, იცის, რომ გვეწყინება, მაგრამ ხანდახან ტელეფონითაც ლაპარაკობენ ხოლმე. ბებიაჩემი ამბობს, მაგათზე განათლებული ხალხი სხვა არ არისო, ცუდი ვის არ გაუკეთებია ცხოვრებაში და მაგის გამო კარის მეზობელს ხო არ მოვიძულებო.

ეხლახანს, ხუთი წლის კიდე დიდი ჩხუბი მოგვივიდა. დასასვენებლად ვიყავით წასულები ყველანი და რომ ჩამოვედით ის მიშენებული ოთახის კედლები გამოუნგრევია და ჩვენი ლოჯიის ნაწილიც მიუსაკუთრებია და ავეჯიც გაუტანია. გადავირიეთ, ატყდა ერთი ამბავი, მარა აქაც ვერაფერს ვერ გავხდით. ბიძაჩემი მიუვარდა, დაგხოცავთ ყველასო, იქ რა მოხდა და როგორ მოხდა არ ვიცით დღემდე ზუსტად, მაგრამ ფაქტია მკვდარი გამოგვისვენეს სახლში, ინფარქტიო თქვეს, აქაც ყალბი ექსპერტიზა ჩაატარეს, ჩაყარეს ფული ისევ და გაჩუმდა ყველა. მოკლედ ჩვენი საშველი არ არის.

conflict

ორი წლის წინ ბებიაჩემის ნახევარძმა ჩამოვიდა ჩვენთან, არც შვილები და არავინ პატრონი არ ჰყავს ჩვენ გარდა და ბებიამ ჩემს მეტი ვინ მიხედავსო, იყოს ჩვენთან იცხოვროსო და მოკლედ ჩამობარგდა ეს კაცი და ჩავწერეთ ჩვენთან. არაფერს არ აშავებდა თავიდან, ერთი წყნარი ჩუმი კაცი იყო, დანაზოგი რაღაცა, ფული რაც ჰქონდა შენახული სულ ჩვენ დაგვახარჯა. ბავშვებისთვის სულ ყიდულობდა ხოლმე ტკბილეულს, ერთს ფლეისთეიშენი უყიდა, მეორეს კომპიუტერი, მესამეს აიპადი, მთაწმინდის პარკშიც დაყავდა და ყველა ატრაქციონზე სვამდა, რაზეც თითს დაადებდნენ, კინოშიც დაასეირნებდა ყოველ კვირას, მოკლედ შეუყვარდათ ბავშვებსაც ამასობაში.. ჩვენც ცოტა ამოვისუნთქეთ, არაფერი არ გვაკლდა, საჭმელი-სასმელი, სახლში რამე გაფუჭდებოდა და წავიდოდა თავის ოთახიდან, მუთაქიდან ალბათ გამოაძრობდა ფულს და აჰათ შვილებო, თქვენზე უკეთესს ვის მოვახმარო. მოკლედ არაფერი გვიჭირდა.

ჰოდა არ ვიცი ეტყობა ზედმეტმა სითბომ და პატივისცემამ ცუდად იმოქმედა და ნელნელა თავზე წამოგვაჯდა. მეო, ამ ოჯახში ყველაზე უფროსი და პატივსაცემი კაცი ვარო. ასაკითაც და ისეცო. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდით, დაბერდა და გამოჩერჩეტდა-თქო ვფიქრობდით და ერთი ყურიდან მეორეში ვუშვებდით. მერე უკვე, რომ აღარ გაჩუმდა და ჯიჯღინიც დაიწყო, ცოტა კი შევფორიაქდით, მაგრამ ბებიაჩემს მზე და მთვარე ამოსდის ამ კაცზე და მაგის ხათრით გავჩერდით და მოვუთმინეთ. ამის ბჟუტურს და ჯიჯღინს კიდევ აიტანდა ადამიანი, ელაპარაკა ეხლა მაგას ჩვენ აწი რაღას მოვუსმენდით, მაგრამ ბავშვებს დაუწყო ნელ-ნელა რაღაც სისულელეების ჩატენვა თავში. ყველაზე უბედურება ის იყო, რომ მოპოვებული ჰქონდა უკვე ავტორიტეტი და ამათაც ყველაფრის სჯეროდათ, რას არ ვეუბნებოდით და ვუხსნიდით, მაგრამ ჩვენი ბაბუის გვჯერაო, ასე გვითხრაო, ეს გვასწავლაო. მოკლედ რაც არ უნდა ებჟუტურა ყველაფერს უჯერებდნენ და აღარ ვიცოდით რა გვექნა. თან ბებიაჩემისაც გვერიდებოდა, პირდაპირ ლანძღვას ხო არ დავიწყებთ ამ კაცისას? ბავშვებსაც რანაირად ავუხსნიდით, მანამდე უფროსის პატივისცემას ვასწავლიდით და მერე უცებ ხო ვერ ვეტყოდით ეგ კაცი გამოჩერჩეტებულია-თქო? თან ცუდად წაგვივიდა საქმეები, არაფერი შემოსავალი არ გვქონდა ჩვენ და პურის ფულსაც ეს გვაძლევდა.. მოკლედ ვერ ვიღებდით ხმას.

ამ დღეში ვიყავით და კიდევ დაგვემატა ერთი უბედურება: ორი თვის წინ ბებიაჩემს დაუდგინეს სიმსივნე, მეოთხე სტადია, და არაფერი არ შველის, თვეები აქვს დარჩენილი. თვითონ იძახის არა უშავს, ცას ხომ არ გამოვეკერებოდიო, უბრალოდ ერთი სურვილი შემისრულეთ და მშვიდად მოვკვდები მერეო. ჩვენი კარის მეზობელს შევურიგდეთო, გავაერთიანოთ ეს სახლი და ერთად ვიცხოვროთ ყველამო, დამთავრდება ეს კონფლიქტიც და მშვიდად წავალ იმ სოფლადო.

გადავირიეთ ამაზე, რა თქმა უნდა, რა საერთო გვაქვს მაგათთან ბებია, რას ამბობ, გვღუპავ-თქო? მეზობლობაში ორი ოთახი წაგვლიჯა და ერთად რომ ვცხოვრობდეთ საერთოდ გაგვყრის ალბათ ჩვენი სახლიდანაც-თქო, არც მამაჩემი არ გახსოვს, არც ბიძაჩემი, ორივე რომ დახოცეს-თქო? არაფრის გაგონება არ უნდა, მაგათზე უკეთესი მეზობელი ჩვენ არ გვყავსო, ბაბუაშენმა ცოლად რომ მომიყვანა და ამ სახლში ფეხი შემოვდგი, სულ პატარა და გამოუცდელი გოგო რომ ვიყავი, ყველაფერი მაგათმა მასწავლესო, სადილების კეთებაო, ოჯახზე ზრუნვაო. ბაბუაშენი რომ დათვრებოდა და ჩემს საცემად იწევდა, ეგენი შემიფარებდნენ ხოლმეო, თან არაფერი არ უჭირთ მდიდრები არიან და მოგხედავთო, არაფერს არ მოგაკლებთო, თქვენზე იზრუნებენო, ბოლოს და ბოლოს ერთმორწმუნე ხალხია, და ღმერთის არ გწამთო? აბა, არა, არ გვწამს-თქო როგორ გვეპასუხა მომაკვდავი ქალისთვის..

იმდენი იძახა ბებიაჩემმა, ეს ბოლო დარდი არ ჩამაყოლოთო, ნელ-ნელა მხარი აუბეს სახლშიც. პირველ რიგში მისი ნახევარძმა აჰყვა, რა თქმა უნდა. ჩემს ერთადერთ დას ეს სურვილი თუ არ შევუსრულე, აბა საერთოდ რა ვთქვა, ცხოვრებაში რა გამიკეთებიაო. ისე გამოიდო თავი, აიჩემა, სანამ ჩემი და მოკვდება, მანამდე უნდა მოვაგვაროთ ეგ საკითხი, რომ იქ დარდი არ გაჰყვესო. ისედაც იმას იძახდა მე ვარ აქ უფროსიო და შანსიც მოეცა, ბებიაჩემს სიკვდილის წინ განსაკუთრებით შეუყვარდა ეს მისი ნახევარძმა თუ ჯანდაბა და საათობით სხედან მთელი დღეა, სულ ლაპარაკობენ და ფიქრობენ როგორ დაგვითანხმონ. ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის პატიებას ჩვენი მეზობლისთვის, არც ჩვენი ფართის მიტაცებას და არც მამაჩემის და ბიძაჩემის სიკვდილს, მაგრამ ცოტანი ვართ ოჯახში. დედაჩემმაც კი დაივიწყა რამხელა უბედურებას გვწია ამ ჩვენმა მეზობელმა, დაბერდა და გამოჩერჩეტდა ნელ-ნელა, ღმერთზე და მართლმადიდებლობაზე ლაპარაკობს ესეც, აჰყვა ბებიაჩემს. ბავშვებიც გადაიბირეს, გაუჭირდებოდათ მე შენ გეტყვი, ბებიის ნახევარძმაზე ამოსდით მზე და მთვარე, ჩვენი მეორე ბაბუ არის ესო, ბრძენი კაცია, რასაც იტყვის მართალს იტყვისო.

მოკლედ ვიცი შეგაწუხე ამ ჩემი პრობლემებით, მაგრამ არ ვიცი რა გვეშველება. ახლა ცოტა ხანში ახალრემონტობა აქვთ ჩემს კარის მეზობლებს, ყველანი დაპატიჟებულები ვართ, არ ვიცი როგორ გაბედეს, მაგრამ ბებიაჩემი ცას ეწია სიხარულისგან. არიქა, შევრიგდეთ ბარემო და იქ მოვაგვაროთ ყველა საკითხიო. არადა როგორ გინდა იმ ოთახებში იზეიმო სხვისი ახალრემონტობა, სადაც ბავშვობა გაატარე.. ის ავეჯიც კი, რაც ჩვენს ოთახებს გააყოლეს, ჩვენი გულის გასახეთქად რესტავრირებულია და ახალ სახლში გამოუჭიმიათ დიდის ამბით, ზედა მეზობელმა მითხრა.

ჰოდა ვასკდებით ასე ჩვენს ნერვებს, არავინ კაცი პატრონი არ არის, ამათ ვერაფერს შევაგნებინებ. იქნება ჩამოხვიდე და დაგვეხმარო რაღაცით, თორემ დავიღუპებით მთლად.

სიყვარულით, მარად შენი საქართველო.

Read Full Post »